ახალი ამბები

სააკაშვილი: თბილისი მზად არის მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის გარკვეული პრინციპების საფუძველზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდიმარეობს მოლაპარაკებები სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე და დასძინა, რომ ამავე დროს საქართველო მზად არის მოლაპარაკებები გამართოს რუსეთთან ”ყველა დონეზე და ყოველთვის”.

 ”მაგრამ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები ასევე ეფუძნება იმ ფაქტის აღიარებას, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია უკანონოდ რუსეთის ფედერაციის მიერ და ყველანაირი ჩვენი მოლაპარაკება, ყველანაირი ჩვენი შეთანხმება უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემას, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და საქართველოს თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. ჩვენ მზად ვართ ყველა სხვა კონფრონტაციული საკითხები მოვხსნათ და ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა მოლაპარაკებებში ვიყოთ კონსტრუქციულები,” – განაცხადა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
 
რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 23 დეკემბერს წერს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარებას შუამავლების საშუალებით. ამავე გაზეთის ცნობით, შუამავლის როლში გამოდის რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია, რომელმაც განუცხადა ”კომერტსანტს”, რომ იგი პრეზიდენტ სააკაშვილს ნოემბერში შეხვდა მიუნჰენში. თავის გამოსვლაში სააკაშვილი ამ კონკრეტულ ინფორმაციას არ შეხებია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან ”სტრატეგიული ურთიერთობების გასაფორმებლად”.

”ეს ჯერ მოლაპარაკებების სტადიაშია, მაგრამ ყველა ქვეყანამ, რომელმაც მოახერხა ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება მსოფლიოს ყველაზე მძლავრ სახელმწიფოსთან, მოახერხა ასევე უზრუნველყოფა თავისი სტაბილური განვითარების და მშვიდობის იმ რეგიონში, სადაც ეს ქვეყნები იმყოფება,” – განაცხადა მან.

”ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ამ მიმართულებით, ემსახურება საქართველოს მთლიანობას, საქართველოს სიძლიერეს, საქართველოს სტაბილურობას და საქართველოს მშვიდობიან განვითარებას,” – დასძინა სააკაშვილმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button