ახალი ამბები

ვაშაძის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა აგვისტოს მსგავსი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ.

კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია რუსული აგრესიის შესაძლო გამეორება, ვაშაძემ უპასუხა 19 დეკემბერს, რომ ეს რთული საკითხია, რადგანაც მისი თქმით, საქართველო, ერთი მხრივ, უნდა  ეცადოს, რომ ”ზედმეტი განგაში” არ შექმნას, რათა არ დააშინოს უცხოელი ინვესტორები.

”მეორე მხრივ აგვისტოსგაკვეთილები ყურადღებით უნდა გავითვალისწინოთ, გამოვასწოროთ ჩვენი ხარვეზები და ყველანაირი მოვლენისთვის ვიყოთ მზად. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, იმის შემდეგ, რაც აგვისტოში მოხდა და იმის შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია დაუპირისპირდა ჩვენი საზოგადოების ერთიანობას, არა მგონია რუსეთის ფედერაციამ გარისკოს მეორე სამხედრო ავანტიურა, იმიტომ, რომ პირველმა არავითარი მატერიალური და პრაქტიკული შედეგები რუსეთს არ მოუტანა, გარდა დანგრეული საერთაშორისო იმიჯისა,” – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის კონსტრუქციულად განაგრძოს დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში.

”მე დამირეკა ორმა თანათავმჯდომარემ და მითხრა მადლობა, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს დელეგაციის პროფესიონალიზმისა და კონსტრუქციულობისთვის და საქართველოს დელეგაციის მზადყოფნისთვის იმუშავოს ამ ფორმატში,” – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მას არ ჰგონია, რომ ანალოგიური ზარი მოსკოვშიც განხორციელდა.

”იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციამ დაბლოკა დოკუმენტები თავიანთი მარიონეტების ხელით,” – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნმა, რომ ქართული მხარე, ერთის მხრივ, ”იმედგაცრუებულია” 17-18 დეკემბერს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებით, თუმცა მეორეს მხრივ, დადებითი ტენდენციები შეინიშნება, რაც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთს უწევს საერთაშორისო ორგანიზაციების თანდასწრებით ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.

”ერთის მხრივ, რა თქმა უნდა ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ იმიტომ, რომ სანამ ეს ჟენევის მოლაპარაკებები მიდის გაუთავებლად, ადამიანის უფლებები ირღვევა და კონფლიქტის ზონები იცლება მკვიდრი მოსახლეობისგან”, – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს 19 დეკემბერს. ”მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციამ მიიღო ის, რასაც 16 წელი ებრძოდა – უწევს საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით საქართველოსთვის ძალიან მძიმე და უსიამოვნო პასუხების გაცემა”.

17-18 დეკემბერს გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, რაც ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების აღკვეთის მექანიზმების შემუშავებას ეხებოდა, შეხვედრა საბოლოო შეთანხმების გარეშე დასრულდა. მხარეები მხოლოდ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღზე შეთანხმდნენ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button