
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ფინანსთა მინისტრი შეიცვალა
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თანამდებობიდან გაუშვა ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრი ალექსეი პანტელეევი, რუსეთის ყოფილი ოფიციალური პირი და მის ნაცვლად ჩრდილოეთ ოსეთის ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ინალ ფუხაევი დანიშნა.
სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა, რომელსაც თანამდებობა აგვისტოს ომის შემდეგ დაატოვებინეს, განუცხადა გაზეთ ”კომერსანტს”, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა კავშირში იყოს რუსეთის ფედერაციიდან შესული თანხების კონტროლზე უთანხმოებასთან.
”ომამდე, როცა მე მთავრობას ვხელმძღვანელობდი, მთელი ფინანსური ნაკადები მთავრობის თავმჯდომარის ხელში იყო აკუმულირებული,”- განაცხადა მოროზოვმა, ”ამან გამოიწვია პრეზიდენტის [ედუარდ კოკოითის] გაღიზიანება და ის ყოველთვის ცდილობდა ამაზე [ფინანსებზე] გადაწყვეტილების მიღების ხელში აღებას. მაგრამ მოსკოვმა მიახვედრა, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელიც მოსკოვიდან იყო დანიშნული, იმისთვის არსებობდა, რომ ფინანსური ნაკადები გამჭირვალე ყოფილიყო”.
”თუმცა სიტუაცია შეიცვალა ომის შემდეგ,” – განაგრძო მოროზოვმა, ”პრეზიდენტმა კოკოითმა ჩამოაყალიბა მთავრობის პრეზიდიუმი – ისეთი როგორიც რუსეთშია. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ამ პრეზიდიუმს უძღვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ თავად პრეზიდენტი. ამრიგად, ახლა ყველა ფინანსური გადაწყვეტილება ბატონი კოკოითის ხელშია კონცენტრირებული. ადგილი ჰქონდა ძალაუფლების უზურპაციას. ვფიქრობ, პანტელეევი მიხვდა მთელი ამ სიტუაციის აბსურდულობას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)