
ბრიტანეთს ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის გეგმა აქვს – რაისი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს აქვს წინადადება, თუ როგორ შეიძლება პროგრესის მიღწევა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება სულაც არ იყოს ამ ქვეყნებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება.
”ამ ეტაპზე არ არის საჭირო რაიმე განხილვები MAP-თან დაკავშირებით,” – განუცხადა რაისმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში 26 ნოემბერს.
მან აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომა სულაც არ ნიშნავს ”პოლიტიკის ცვლილებას ”.
”ახლა საკითხი დგას ასე, თუ როგორ განვახორციელებთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა რაისმა. მას მხედველობაში ჰქონდა ნატოს ლიდერების მიერ 2008 წლის აპრილში ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა მომავალში გახდებიან ნატოს წევრები.
”საქართველო და უკრაინა არ არიან მზად წევრობისთვის. ეს სავსებით ნათელია,” – განაგრძო მან.
”ამერიკის შეერთებული შტატების თვალსაზრისი დაფიქსირდა ბუქარესტში – ჩვენ მიგვაჩნდა, რომ MAP არის გზა ქვეყნების წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, არსებობს სხვა გზებიც ქვეყნების წევრობისთვის მოსამზადებლად. უნდა აღვნიშნო, რომ მაგალითად, პოლონეთს და ჩეხეთის რესპუბლიკას არასდროს ჰქონიათ MAP-ი.”
მართალია რაისს ბრიტანეთის გეგმის დეტალებზე არ უსაბრია, მაგრამ მან განაცხადა: ”ჩვენი მუშაობის გააქტიურება მათ ფარგლებში [ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-უკრაინის კომისიის ფარგლებში], ჩვენი კონტაქტების გააქტიურება ამ ქვეყნებთან, როგორც მიგვაჩნია, კარგი ალტერნატივაა და ძალიან ძლიერ სიგნალს შეიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ – მაშინ როცა ეს ქვეყნები არ არიან მზად წევრობისთვის და ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად – ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ბუქარესტის დეკლარაციისა, რომ ისინი ოდესმე მომავალში გახდებიან ნატოს წევრები”.
აშშ დაჟინებით მოითხოვდა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას დეკემბერში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალზე, მაგრამ როგორც ჩანს, ვაშინგტონს მოუწია პოზიციის შერბილება, რადგანაც რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა 27 ნოემბერს: ”მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე MAP-ი აღარ არის რელევანტური”.
”ეს იყო საინტერესო აპრილში, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ახალი მექანიზმები შემუშავდება ამ ყველაფრისთვის და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ნატოს წევრი სახელმწიფო,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)