skip to content
ახალი ამბები

ქართველი პოლიციელი აფხაზური მხრიდან სროლებს ემსხვერპლა – შსს

ქართველი პოლიციელი – ზურაბ ჯეჯელავა – გარდაიცვალა დღეს წალენჯიხის რაიონში პატრულირებისას აფხაზური მხრიდან განხორციელებული სროლების შედეგად, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 ნოემბერს.

”დღეს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანიდან ქარაღალის  მიმართულებით პატრულირებისას ცეცხლი გაუხსნეს,”- აცხადებს შსს, ”აფხაზები  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ადგილზე დარჩათ ნაღმები რომლის დადებასაც, როგორც ჩანს, აპირებდნენ”.

შსს-ს განცხადებით, მომხდარი ”დააფიქსირეს სამეგრელოს რეგიონში მყოფმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა და  გაეროს დამკვირვებლებმა”.

თუმცა აფხაზური მხარე მომხდარის შინაარსსა და ადგილმდებარეობაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, გალის რაიონში აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენლის რუსლან ქიშმარიას განცხადებით, აფხაზ ”მესაზღვრეებსა” და ქართულ ”დივერსიულ ჯგუფს” შორის  შეტაკება სოფელ საბერიოსთან, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მოხდა.

”წინასწარი მონაცემებით, ერთი დივერსანტი მოკლულია, ხოლო ორი დაჭრილი,”- განუცხადა ”ინტეფაქსს” ქიშმარიამ, ”ქართულმა დივერსიულმა ჯგუფმა შეტაკების შემდეგ საქართველოს ტერიტორიისკენ დაიხია”.

აფხაზური მხარის ცნობით, ქართულ მხარეს ინციდენტში 6 ადამიანი მონაწილეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button