skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ევროკავშირთან პრივილეგირებულ პარტნიორობაზე საუბრობს

საქართველოს და უკრაინას მიენიჭება ევროკავშირის პრივილეგირებული პარტნიორის სტატუსი – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა ბაქოში, სადაც პარიზში 13 ნოემბერს ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველომ ”პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო”, 14 ნოემბერს ნიცაში გამართული რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ.

”საქართველოს და უკრაინას მიენიჭება ევროკავშირის პრივილეგირებული პარტნიორის სტატუსი”, – განაცხადა პრეზიდენტმა. ”ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო ადვილი იქნება შესვლა ევროპაში, მოგზაურობა. ბევრად უფრო ადვილი იქნება ჩვენი პროდუქციის შეტანა ევროპაში, ბევრად უფრო ადვილი იქნება ევროპული ინვესტიციების მოზიდვა. ე.ი. გაადვილდება საქართველოში ხალხის დასაქმება, საქართველოში ახალი საწარმოების შექმნა. საქართველო გახდება ევროპული ეკონომიკის და პოლიტიკური სივრცის ნაწილი”.

პრეზიდენტის თქმით,  ”მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება ევროპის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი უნდა გახდეს შეუქცევადი”.

”მე ვფიქრობ თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ ვრცელი შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვისა იყო – საქართველოსთან გადის კონსულტაციებს ევროკავშირი რუსეთთან ამ რთული შეხვედრის წინ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button