ახალი ამბები

სარკოზი ბუშს საქართველოს გამო აკრიტიკებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 13 ნოემბერს, რომ სწორედ ის და არა აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩაერია და აღმოუჩინა დახმარება საქართველოს და რუსეთს აგვისტოს ომის შეჩერებაში.

”როდესაც 8 აგვისტოს ვიღაცას მოუწია მოსკოვში ან თბილისში გამგზავრება, ვინ დაიცვა ადამიანის უფლებები? იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვინც თქვა, რომ ”ეს მიუღებელია”? თუ საფრანგეთი, რომელმაც დიალოგს შეუწყო ხელი,” – იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება ელისეის სასახლეში გააკეთა, სადაც იგი ფრანგული ჟურნალის Politique Internationale-ის პრიზით დააჯილდოვეს ”პოლიტიკური სიმამაცისთვის”.

”მახსოვს მოსკოვში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე დამირეკა ამერიკის პრეზიდენტმა და მითხრა: ”ნუ წახვალ, მათ [რუსებს] თბილისში შესვლა უნდათ, ისინი 40 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან. ნუ წახვალ, უბრალოდ დაგმე ეს ფაქტი [რუსეთის შეჭრა]… ჩვენ იქ [საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან] ბერნარ კუშნერთან ერთად ვიყავით, და თითქოს შემთხვევით, როდესაც ჩვენ იქ ვიყავით, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა,” – იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით.

იმავდროულად, ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი le Nouvel Observateur იტყობინებოდა 12 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლის ჟან-დევიდ ლევიტის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს უნდოდა, რომ რუსულ ძალებს თბილისი აეღოთ და პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოეგდოთ, მაგრამ პრეზიდენტმა სარკოზიმ 12 აგვისტოს მოსკოვში ყოფნის დროს დაარწმუნა, რომ ეს არ გაეკეთებინა.

ჟან-დევიდ ლევიტი ჟურნალთან ინტერვიუში იხსენებს საფრანგეთის პრეზიდენტსა და რუსეთის პრემიერ მინისტრს შორის საუბარს: ”სააკაშვილს კვერცხებით ჩამოვკიდებ,” უთხრა პუტინმა სარკოზის, რაზეც სარკოზიმ გაკვირვებულმა უპასუხა:”ჩამოკიდებ?” ”რატომაც არა?” უპასუხა პუტინმა, ”ამერიკელებმა სადამ ჰუსეინი ხო ჩამოკიდეს”. ”კი მაგრამ, შენც ხო არ გინდა ბუშივით დაამთავრო?” – ჰკითხა სარკოზიმ. პუტინმა ამაზე გარკვეული პაუზის შემდეგ უთხრა სარკოზის: ”ამაში მართალი ხარ”.

Times-ი იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც ფრანგულმა რადიომ ეს განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილს წაუკითხა, რომელიც 13 ნოემბერს პარიზში იმყოფებოდა, სადაც იგი სარკოზის შეხვდა, სააკაშვილმა ”ნერვიულად გაიცინა” და უპასუხა: ”ვიცოდი ამის თაობაზე, მაგრამ დეტალები არ ვიცოდი”. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button