ახალი ამბები

ევროკავშირის მინისტერიალი რუსეთთან ურთიერთობებს საქართველოს კონტექსტში განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 13 ოქტომბერს ლუქსემბურგში შეიკრიბებიან, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საქართველოსთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას და მოსკოვთან მოლაპარაკებების განახლებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების თაობაზე.

ეს ორი საკითხი ერთმანეთს 1 სექტემბერს დაუკავშირდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც: ”სანამ ჯარები არ გავლენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, მოლაპარაკებები [რუსეთთან] პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე გადაიდება”.

რუსეთმა შეასრულა 8 სექტემბრის შეთანხმება და 10 ოქტომბრამდე გაიყვანა ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან. 12 აგვისტოს მიღებული ექვს-პუნქტიანი გეგმა აცხადებს, რომ რუსული და ქართული ძალები უნდა დაბრუნდნენ ომამდე არსებულ პოზიციებზე. თუმცა, რუსული ძალები კვლავ რჩებიან იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ 7 აგვისტომდე არ ეკავათ, მათ შორის ახალგორში და ზემო კოდორის ხეობაში.

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა EUobserver.com-თან ინტერვიუში, რომ მიუხედავად იმისა, რომ 8 სექტემბრის შეთანხმების ბოლო ვადა არ მოიცავს ამ საკამათო ტერიტორიებს, ამ საკითხებს ასახავს ექვს-პუნქტიანი გეგმა, რომლის თანახმადაც რუსული ძალები უნდა დაუბრუნდნენ ომამდე არსებულ პოზიციებს.

დასავლეთის მედიის ინფორმაციით, როგორც ჩანს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ რუსეთთან პარტნიორნობის შესახებ მოლაპარაკებების აღდგენაზე, რუსული ძალების ომამდე არსებული პოზიციების მიღმა დარჩენის ფონზე.

Deutsche Presse-Agentur (DPA)-ი 13 ოქტომბერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე სტუბის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება: ”არა მგონია, რომ დღეს მიღებული იქნება გადაწყვეტილება [რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ]”.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა, რომ რუსეთს კონსტრუქციული დამოკიდებულება აქვს და მას სჯერა, რომ მოლაპარაკებების აღდგენის გადაწყვეტილება მიღებული იქნება ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე, რომელიც 14 ნოემბერს იგეგმება, იტყობინება ”როიტერი”.

”ჩვენ უნდა განვიხილოთ მოლაპარაკებების ამგვარი შეჩერებით რაიმე კარგს ვუკეთებთ თუ არა საკუთარ თავს,” – განაცხადა გერმანიის მინისტრმა ევროპის საკითხებში გიუნტერ გლოსერმა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა, რომ რუსეთი ასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებების ახლო მომავალში განახლებისკენ მოუწოდა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ რუსები დაბრუნდნენ ომამდე არსებულ პოზიციებზე.

”მათ გარკვეული ძალები გამოიყვანეს, ძირითადად ბუფერული ზონებიდან, მაგრამ დარჩა ის ტერიტორიები, რომლებიც მათ ახლა უკავიათ და რომლებიც არ ეკავათ 7 აგვისტოს,” – იტყობინება ”როიტერი” ბილდტის სიტყვებზე დაყრდნობით.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა დაელოდოს ჟენევაში 15 ოქტომბერს საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებას. ”თავის დროზე ჩვენ  პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულებამდეც მივალთ,” – იტყობინება DPA მილიბანდის სიტყვებზე დაყრდნობით 13 ოქტომბერს, ”მაგრამ ახლა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმის უზრუნველყოფაზე, რომ ყველა ელემენტი, რომელიც სექტემბერში შეთანხმდა, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებები, სწორი ტემპით მიმდინარეობს”.

ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე პოლონეთი რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას ემხრობიან ამ საკითხზე.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button