skip to content
ახალი ამბები

აშშ მოუწოდებს ნატოს მხარი დაუჭიროს MAP-ის მინიჭებას საქართველოსთვის

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ნატოს დეკემბერში მიანიჭოს საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), იტყობინება ”როიტერი”.

”მე მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას დეკემბერში და ასევე დაუჭირონ მხარი საქართველოს მცდელობებს საჭირო რეფორმების განხორციელების საქმეში,” – განუცხადა გეითსმა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.

აპრილის ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და განაცხადეს, რომ MAP-ის საკითხს მინისტერიალი დეკემბერში ისევ დაუბრუნდება.

თუმცა, 2 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ  საქართველოსთვისა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება ჯერ ადრეა.

9 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და მისმა ქართველმა კოლეგამ დავით კეზერაშვილმა ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე სამხედრო სფეროში საქართველოს დახმარებისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს ”ურყევ მხარდაჭერას”.

”ჩვენ გვინდოდა კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება რუსეთთან, მაგრამ სამწუხაროდ მისმა საქციელმა შეარყია უსაფრთხოება რეგიონში და სერიოზული წუხილები წარმოშვა მათი ზრახვების თაობაზე. ჩემი აზრით, საქართველოში შეჭრით რუსეთმა ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს რაიმე სტრატეგიულ მიზანს,” – დასძინა მან.

იმავდროულად, ნატოს თავდაცვის მინისტრების ბუდაპეშტის შეხვედრის ფარგლებში 10 ოქტომბერს დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც თავდაცვის მინისტრები პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button