skip to content
ახალი ამბები

კოკოითის წინააღმდეგობრივი განცხადებები რუსეთთან მიერთებაზე

სეპარატისტმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი აპირებს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების გზით რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდეს, თუმცა მალევე უარყო ეს აზრი და განაცხადა, რომ არ აპირებს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას.

”ჩვენ შევალთ რუსეთის შემადგენლობაში და არ ვაპირებთ დამოუკიდებელი ოსეთის შექმნას,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” 11 სექტემბერს კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით. 

ამავე ცნობით, მან არ უპასუხა კითხვას, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სამხრეთ ოსეთის ”დამოუკიდებლობა”, რომელიც აფხაზეთთან ერთად რუსეთმა 26 აგვისტოს პირველმა აღიარა. რუსეთის მაგალითს მოგვიანებით მხოლოდ ნიკარაგუამ მიბაძა.

კოკოითის თქმით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება ოსი ეთნოსის გადარჩენის ერთადერთი შანსია.

”მე ძალიან გამეხარდება, თუ ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით,”- განაცხადა სოჭში მყოფმა კოკოითმა. 

ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელეს ასევე დღეს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა – ”როიტერმა” და AFP-მ. 

თუმცა ცოტა ხანში ”ინტერფაქსმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც კოკოითი უარყოფს ამ განცხადებებს. 

”როგორც ჩანს, მე არასწორად გამიგეს,”- განუცხადა მან ”ინტერფაქსს”, ”ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ჩვენ დამოუკიდებლობაზე, რომელიც კოლოსალური მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ და სამხრეთ ოსეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button