
ქართულმა მხარემ სულ 12 რუსული მოიერიშე ჩამოაგდო – ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომიამ დღეს საღამოს დღის მოვლენების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ რუსეთის კიდევ ერთი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდო კოდორის ხეობაში.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ სულ 12 ბომბდამშენი ჩამოაგდო. თუმცა რუსული მხარე მხოლოდ ორი ბომბდამშენის დანაკარგს აღიარებს.
ლომაიას განცხადებით, დღეს 10-მდე საჰაერო დარტყმა მიიტანეს ზემო კოდორის ხეობაზე და ადგილი ჰქონდა სახმელეთო შეტევის ორ მცდელობას აფხაზური და რუსული ძალების მხრიდან.
”ორივე ეს შეტევა მათთვის სავალალოდ დასრულდა. დიდი არის მათი დანაკარგები ცოცხალ ძალაში,”- განაცხადა ლომაიამ, ”ორივეჯერ მოუწიათ მათ უკან დაბრუნება და შემდეგ აღარ უცდიათ ამ იერიშების განახლება”.
იმავდროულად, ლომაიას ინფორმაციით, დღეს რუსულმა შენაერთებმა ”რამდენჯერმე” მიიტანეს იერიში ცხინვალის რეგიონში ქართულ ძალებზე, რაც ”ასევე იქნა მოგერიებული”.
”მიმდინარეობს მუდმივი გადაჯგუფებები ჩვენი საარტილერიო შენაერთების იმისთვის, რომ მზად ვიყოთ, რომ მტრისთვის მოულოდნელად მივაყენოთ მაქსიმალური ზარალი,”- აღნიშნა მან.
მისი თქმით, კონფლიქტის ზონების გარეთ, მათ შორის თბილისში, დღეს განხორციელებული ყველა რუსული საჰაერო იერიშის სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.
”მსხვერპლი არ არის ამ დარტყმების შედეგად და ვერც იმ მიზანს მიაღწიეს, რომ ზიანი მიეყენებინათ თვითონ ამ ობიექტებისთვის,”- აღნიშნა მან.
იმავდროულად, დღეს საღამოს თბილისში ჩამოვიდნენ საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინიტრები ბერნარ კუშნერი და ალექსანდრე სტუბი, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მართავენ შეხვედრას. საფრანგეთი ევროკავშირის, ხოლო ფინეთი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.
მინისტრები თბილისში ვიზიტის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრებიან, განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე კახა ლომაიამ. ”მათი ამოცანაა, რომ მოახერხონ ცეცხლი შეწყვეტის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება,”- აღნიშნა მან.