ახალი ამბები

იაკობაშვილი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გახდა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი 21 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

სოხუმი და ცხინვალი უარს აცხადებდნენ იაკობაშვილთან ოფიციალურ კონტაქტებზე, რადგან ღია უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მისი უწყების სახელწოდების, კერძოდ, სიტყვა ”რეინტეგრაციის” გამო. ადრე იაკობაშვილის უწყებას, მის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნამდე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერქვა.

რამდენიმე დღის წინ ცხინვალმა ევროკავშირის ეგიდით ბრიუსელში 22 ივლისს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ იაკობაშვილის უწყების სახელწოდების მიუღებლობა დაასახელა. მოლაპარაკებებში ქართულ და რუსულ მხარეებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

ამ მიზეზს იაკობაშვილმა გამოგონილი უწოდა და 21 ივლისს განაცხადა, რომ ”ამ მიმართულებით ჩვენ ვაპირებთ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმას და შეიძლება ეს საკითხი მოვხსნათ”. იმავე დღეს ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button