ახალი ამბები

ექვს ოპოზიციურ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება

დღეს პარლამენტმა 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი იმ პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას, რომელთაც უარი თქვეს სადეპუტატო მანდატებზე.

რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, წლევანდელი დაფინანსება მთლიანად მიეცემათ.

”როდესაც დარჩენილია 6 თვეზე მეტი წლის დასასრულამდე, პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება აქვს მთლიანი თანხა მიიღოს დარჩენილი პერიოდის განმავლობაში,”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და პარტიათა დაფინანსების ახალი წესის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ დაუდასტურა Civil.ge-ს, რომ 2008 წლის მთლიან დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პირველად იღებენ ასეთ ფინანსურ წყაროებს. ეს პარტიებია: ქრისტიან-დემოკრატები (დაახლოებით, 560 ათასი ლარი), ჩვენ თვითონ და ქართული დასი (ერთობლივად მიიღებენ, დაახლოებით, 200 ათას ლარს).

დაფინანსება კი შეუწყდებათ: ახალი მემარჯვენეებს, ეროვნული ფორუმს,  თავისუფლებას, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, საქართველოს გზას და ხალხის პარტიას, რომელთაც გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ამომრჩეველთა 18%-მდე მხარდაჭერა მიიღეს. ეს პარტიები ჯამში, დაახლოებით, 600 ათას ლარს ვეღარ მიიღებენ. ამ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი პარტიის ინიციატივას ”სადამსჯელო ღონისძიება” და ”დევნა” უწოდეს.

დაფინანსება შეუნარჩუნდება ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც საპარლამენტო პარტიად რჩება, რადგან მისი დეპუტატების უფლებამოსილება კვლავ ძალაშია მიუხედავად იმისა, რომ ოთხი მათგანი, მათ შორის პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას არ იღებს.

ადგილობრივ არჩევნებში მიღებული შედეგების გამო ასევე გააგრძელებენ საბიუჯეტო თანხების მიღებას კონსერვატიული პარტია (გაერთიანებული ოპოზიციის სუბიექტი), რესპუბლიკელები და მრეწველები.

დაფინანსების სქემაში კვლავაც რჩება მმართველი პარტია, რომელიც არჩევნებზე მიღებული შედეგების შესაბამისად დაახლოებით, 1.7 მლნ ლარს იღებს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად.

მსგავსი/Related

Back to top button