ახალი ამბები

შეიარაღებული ძალების ოდენობა 5 ათასით გაიზრდება

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოდენობა 2008 წელს 32 ათასიდან 37 ათასამდე იზრდება. პრეზიდენტის ამ ინიციატივას პარლამენტი განიხილავს.

”ეს რაოდენობა გადანაწილდება სხვადასხვა ქვედანაყოფებში,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, ”პრიორიტეტული იქნება საჰაერო თავდაცვა და საზღვაო ძალები და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვას შეიარაღებულ ძალებში”.  

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 28 991 სამხედროა, მათ შორის 366 სამოქალაქო მოსამსახურე.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განმარტებით არმიის 5 ათასი ჯარისკაცით ზრდა განპირობებულია ”პირველ რიგში იმით, რომ არსებული საფრთხეები საკმაოდ ინტენსიური გახდა”.

”ასევე ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს ჩვენს სახელმწიფოს ეფექტურად შესრულდეს, ვგულისხმობ, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება არ მოხდეს საქართველოს შიდა საფრთხეების იგნორირების ხარჯზე,”- განაცხადა რურუამ.

სამხედრო ძალების გაზრდილ რაოდენობას პარლამენტის 15 ივლისის სხდომაზე დაამტკიცებენ. ამავე სესიაზე იგეგმება 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცება, რომლითაც ყველაზე მეტად  – 295 მლნ ლარით – თავდაცვის უწყებას ეზრდება დაფინანსება. ჯამში, თავდაცვის ხარჯები 1.395 მლრდ ლარს მიაღწევს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძემ პრეტენზია გამოთქვა იმის გამო, რომ მთავრობამ ბიუჯეტის განხილვისას არ გაამხილა შეიარაღებული ძალების ზრდის გეგმები.

”როცა ბიუჯეტის პროექტი შემოიტანეს, მათ უკვე იცოდნენ, რომ ზრდიდნენ ამ შემადგენლობას, თუმცა ამის შესახებ მათ არ უთქვამთ,”- განუცხადა ვეფხვაძემ ”რუსთავი 2”-ს. 

2005 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარი 23 ათასი იყო, 2006 წლისთვის –  26 ათასი, ხოლო 2007 წელს თავდაპირველად 28 ათასამდე, ხოლო მოგვიანებით, 32 ათასამდე გაიზარდა.

მსგავსი/Related

Back to top button