ახალი ამბები

სააკაშვილის ფრთხილი რეაქცია ბაღაფში-მედვედევის შეხვედრაზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება აფხაზეთის ლიდერის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას, თუ ის ნამდვილად ემსახურება კონფლიქტის მოგვარებას.

”რუსეთის წინა პრეზიდენტი ადრეც შეხვედრია სეპარატისტების ლიდერებს,” – განაცხადა სააკაშვილმა 27 ივნისს პრესკონფერენციაზე, ”თუ ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მედვედევმა განიხილა მოლაპარაკების გზით, ყველას ინტერესების გათვალისწინებით პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ამით იმის ლეგიტიმაციას ახდენენ, რომ საქართველო ხელს აიღებს ამ ტერიტორიაზე, სანამ სული მიდგას, პირადად მე, ამას არ დავუშვებ”.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი თავის რუს კოლეგას ივლისის დასაწყისში სოჭში ან კრასნოდარში შეხვდება.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გავალღვოთ ყინული”.

”გარკვეული იმედისმომცემი ტონი რუსეთის ახალ პრეზიდენტთან კონტაქტებში შეიმჩნევა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით სიტუაციის შეცვლას უშუალოდ ჩვენ კონფლიქტებთან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე კატეგორიულად უარყო გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაცია აფხაზეთის გაყოფის თაობაზე რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

”არავის არაფერს არ მივცემთ და არავის არაფერს არ დავუთმობთ. ამის ილუზიას ნურავინ ნუ შეიქმნის,” – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, თბილისი ერთგულია თავისი სამშვიდობო ინიციატივების, რომლებიც ითვალისწინებს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გალის და ოჩამჩირის რაიონებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, მათ შორის მთელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მისი მნიშვნელოვანი როლის გამო.

”აფხაზეთი არის ჩვენი ტურისტული პოტენციალის უმეტესი ნაწილი, ჩვენი ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილი; აფხაზეთი არის შავი ზღვისპირეთის სანაპიროს ორ მესამედზე მეტი; აფხაზეთში არის ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი საქართველოს მასშტაბით; აფხაზეთში არის ორი პორტი, მათ შორის, ყველაზე პერსპექტიული ქართული პორტი ოჩამჩირეში,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს ეკონომიკის სამჯერ გაზრდის ტოლფასი იქნება.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button