ახალი ამბები

ნიკა რურუა აფხაზურ მხარესთან შეხვედრაზე საუბრობს

აფხაზური მხარეს ”გამოუსწორებელი ქორი და აფხაზების მტერი ვეგონე,” – განაცხადა დეპუტატმა ნიკა რურუამ. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნიკა რურუამ  გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ”პოლიციური ან სამხედრო ოპერაცია თვითმიზანი არ არის,” თუმცა თბილისის მთავარი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე მაინც იქნება მიღწეული და არა  აქვს მნიშვნელობა – ომით თუ მშვიდობით.

”არ ვეთანხმები აზრს, რომ საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით თავის დაცვა არ შეუძლია, ეს ასე არ არის. საქართველომ საკუთარ თავდაცვაზე, დაახლოებით, 5 მილიარდი დახარჯა და თუ საჭირო გახდება, ტყვიასაც გავისვრით და ქვემეხსაც, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,” – განაცხადა რურუამ ინტერვიუში, რომელიც 27 ივნისს გამოქვეყნდა, ”მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც პოლიციური და არც სამხედრო ოპერაცია თვითმიზანი არ არის. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რაღაც წამოვიწყოთ და წარმატებით არ დავასრულოთ. საბოლოოდ, მიზანი მიზნად რჩება, იმის მიუხედავად, როგორ იქნება მიღწეული – ომით თუ მშვიდობით. რა თქმა უნდა, უმჯობესია, დიპლომატიით, პოლიტიკური მეთოდებით”.

ნიკა რურუა, რომელიც თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს შორის იყო, რომლებიც გასულ კვირას შვედეთში აფხაზური მხარის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

”გვინდა ეს პრობლემა გადაიჭრას სამართლიანადაც, აფხაზების ინტერესების გათვალისწინებითაც,” – განაცხადა რურუამ, ”სეპარატისტების წარმომადგენლებსაც ამას ვუხსნიდი სტოკჰოლმში, რომ ჩვენ აფხაზეთი არ გვინდა აფხაზების გარეშე”.

მისი თქმით, შეხვედრა ”დაძაბული” იყო. ”ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არასასიამოვნო და მძიმე იყო მათი პოზიციის მოსმენა. წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ისმენდე მკვეთრად ცენტრისტულ, ულტრანაციონალისტურ არგუმენტებს,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზები მას მხოლოდ სატელევიზიო  კომენტარებიდან იცნობდნენ და ”გამოუსწორებელი ქორი და აფხაზების მტერი ვეგონე”.

აფხაზურ მხარეს, განაგრძო რურუამ, სურს, რომ თბილისმა მოხსნას აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, გამოიყვანოს ძალები ზემო კოდორის ხეობიდან და ასევე ეუბნება ქართულ მხარეს, რომ მასზეა დამოკიდებული გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც ურთიერთნდობას აღადგენს. 

”ამაზე პირადად ვუთხარი, ნდობა უნდა აღადგინოთ თქვენ, რადგან რთულია გენდოთ, როდესაც მიმტკიცებთ, რომ ეთნიკური წმენდის შედეგად მიღებული სურათი ლეგიტიმურია და ასე უნდა იყოს,” – განაცხადა რურუამ, ”მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრაზე შეთანხმება არ შედგა, ჩემი აზრით, ის სამი დღე ღირდა იმად, რომ მათ მშვიდად მოესმინათ ჩვენი არააგრესიული, პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან გულუხვი შეთავაზებები”.

რურუამ ასევე განაცხადა, რომ ქართული და აფხაზური მხარეები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ არა მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ დროის თვალსაზრისითაც. ”ჩემი აზრით, ისინი ძალიან გავდნენ საბჭოთა პერიოდში ჩარჩენილ ფუნქციონერებს, ძალიან მაგონებდნენ რუსი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლებს,” – განაცხადა მან. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button