skip to content
ახალი ამბები

კოვალენკო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის ’ჰუმანიტარულ’ მიზნებს ადასტურებს

საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ მას შემდეგ, რაც მას 2 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ჯარების შეყვანის გამო, განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია თბილისის შეშფოთების მიზეზი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 მაისს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ”ჰუმანიტარული” მიზნებით გაგზავნა თავისი შეუიარაღებელი სარკინიგზო ძალები, რომელთა ფუნქციაა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაცვა და რეკონსტრუქცია.  



”სიმართლე გითხრათ არ მესმის, ამის გარშემო რატომ გამოითქმის ამდენი შეშფოთება,”- განუცხადა ჟურნალისტებს კოვალენკომ, ”ნებისმიერი ჰუმანიტარული აქცია -ხიდების, რკინიგზის აღდგენა – ეს მიმართულია იმისკენ, რომ ხალხის ცხოვრება, რომლებიც ცხოვრობენ ამ რეგიონში, გაუმჯობესდეს. რაც უფრო უკეთესად იცხოვრებენ ადამიანები, მით  უფრო ნაკლები  საომარი განწყობა ექნებათ, მით უფრო ადვილი იქნება ნდობის აღდგენა, იმ დაკარგული ნდობის, რომელიც ამჟამად ნულზეა დასული; რაც უფრო კარგად იცხოვრებს ხალხი, უფრო ადვილი იქნება ამ ნდობის აღდგენა და ადვილი იქნება მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის”.

 

რუსეთის ელჩის განცხადებით, წლების წინ არსებობდა ოთხი მხარისაგან (რუსული, ქართული, აფხაზური, სომხური) დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად მუშაობდა სოჭი-სოხუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხებზე, მაგრამ ”ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობა გაიყინა არც რუსული და არც  აფხაზური მხარეების ინიციატივით”.

 

რკინიზგის აღდგენის თაობაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრები 2005 წლის აგვისტოში შეწყდა მას შემდეგ, რაც ოფიციალური თბილისის განცხადებით, სოხუმმა უარი განაცხადა მიეღო რამოდენიმე ქართველი ექსპერტი, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ.



”მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს ოთხმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი.  რაც შეიძლება მალე აღდგეს ამ ჯგუფის მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საქართველოს სასიკეთოდ, ეს იქნება რუსეთის და მთელი სამხრეთ კავკასიის სასიკეთოდ,” – განაცხადა კოვალენკომ.

 

მსგავსი/Related

Back to top button