
სოხუმი მზადაა რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი
თვითგამოცხადებული აფხაზეთი მზადაა ხელი მოაწეროს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას ”საქართველოს აგრესიისგან დაცვის” მიზნით, იუწყება 28 აპრილს ”აფსნიპრესი” დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, საიდუმლო არ არის, რომ საქართველო ”ომისთვის ემზადება” და ”არც ჩვენ ვისხდებით გულხელდაკრეფილები”.
”ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ამ რეგიონში რუსეთის ყველა ინტერესი რუსეთის სამხედრო პროტექტორატისა და ღია ეკონომიკური თანამშრომლობის სანაცვლოდ,”- განუცხადა შამბამ ”რია ნოვოსტის”.
მისი თქმით, აფხაზეთი მზადაა რუსეთის სამხედრო ინტერესების რეალიზაცია მოახდინოს რეგიონში.
სოხუმში ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაახლა განცხადებები იმის თაობაზე, რომ უნდა გადაიხედოს რუსული სამშვიდობო ფორმატი კონფლიქტის ზონებში გაეროს მანდატის გაძლიერების ხარჯზე. ეს განცხადება კი თავის მხრივ მოჰყვა რუსეთის გადაწყვეტილებას სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების ლეგალიზების თაობაზე, რაც თბილისის შეფასებით, რუსეთის შუამავლის როლს კონფლიქტის მოგვარების საქმეში საფუძველს აცლის.