
ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოში საკუთარ კომპანიას აფუძნებს
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოში ახალ კომპანიას ”კალა კაპიტალს” აფუძნებს, რომელიც ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს – საბანკო საქმიანობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.
კომპანიის თავმჯდომარეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი, რომელიც ასევე იქნება კომპანიის მიერ დაფუძნებული ბანკის ”პროგრეს ბანკის” ხელმძღვანელი. ბანკი ოფიციალურად სექტემბერში გაიხსნება, ხოლო მისი მთავარი მიმართულება იქნება კორპორატიული, საცალო და VIP კლიენტების საბანკო მომსახურება.
ენერგეტიკის სფეროში კომპანია გეგემავს ახალი ჰესების მშენებლობას, ნავთობმომპოვებელი საქმიანობის განხორციელებას და ასევე ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებას.
უძრავ ქონებაში კომპანია გეგმავს სხვადასხვა რეგიონში მშენებლობის დაწყებას. უკვე შედგენილია თბილისში მდებარე არსებალის მთაზე 80 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქის აშენების პროექტი, სადაც განთავსდება სამთავრობო და საცხოვრებელი კომპლექსები, საკონფერენციო ცენტრები, ვილები, ოფისები, კომერციული ფართები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. პროექტის მშენებლობა 10 წელიწადში დასრულდება, ხოლო ინვესტიციების რაოდენობა 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
”ჩემი მთავარი მიზანი ქართული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა და ინვესტიცების მოზიდვაა… ამჟამად მიმდინარეობს ინგლისელ და ამერიკელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები ინვესტიციების მოსაზიდად,”- განაცხადა დღეს კომპანიის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ.
მისი თქმით, ივნისში ასევე დაგეგმილია საქველმოქმედო ფონდის ”კალას” პრეზენტაცია, რომელიც დახმარებას გაუწევს უპატრონო ბავშვებს და უმწეო მოხუცებს, ასევე დააფინანსებს საფეხბურთო პროგრამებს.
კახა კალაძეს, რომელიც საფეხბურთო გუნდ ”მილანში” თამაშობს, საკუთარი ბიზნესი იტალიაში, უკრაინასა და ყაზახეთშიც გააჩნია.