
ოსური მხარე ზნაურში სროლების შესახებ იტყობინება
ზნაურის რაიონის სოფელ ოკონაში განთავსებულ ოსური მილიციის პოსტს დღეს დილით ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სროლები, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი აწარმოებდა, ნაღმტყორცნებიდან 40 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ინფორმაცია მსხვერპლის თაობაზე არ ვრცელდება.
”სროლებიდან 40 წუთის შემდეგ, სამხრეთ ოსური მხარე იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა, რის შემდეგაც სროლები შეწყდა, ხოლო ქართულმა სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ამჟამად ადგილზე იმყოფება მონიტორინგის ჯგუფი, სამშვიდობოებისა და ეუთოს დამკვირვებლების შემადგენლობით.
ქართული მხარე ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.