skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე აფხაზეთზე ახალ სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრობს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სკეპტიკური დამოკიდებულება თბილისის სამშვიდობო წინადადებების მიმართ უფრო ჩრდილოელი მეზობლის ნაკარნახევია, ვიდრე აფხაზი ხალხის განწყობა, განაცხადა 29 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


დღეს სოხუმმა უარყო ის სამშვიდობო წინადადებები, რომელიც აფხაზეთის მიმართ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 მარტს გაახმოვანა. ქართული მხარე აფხაზეთს ცენტრალურ ხელისუფლებაში გარანტირებულ წარმომადგენლობას, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს; ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა; და საბაჟო-სასაზღვრო სივრცის შექმნას სთავაზობს.


აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ ამ წინადადებების გახმოვანება საერთაშორისო ეფექტის მოხდენაზეა გათვლილი. თბილისი ალიანსისგან წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებას იმედოვნებს.


”სამწუხარო რეალობაა ის, რომ სეპარატისტული მთავრობები ახმოვანებენ არა იმას, რასაც მათი ხალხი ფიქრობს და რასაც ზოგჯერ თავადაც ფიქრობენ, არამედ იმას რასაც მათ კარნახობენ მეზობელი სახელმწიფოდან,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ”მე მაინც იმედი მაქვს, რომ აფხაზეთის მოსახლეობამდე ეს სიტყვები მივა ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე და მოსახლეობა თავად დაფიქრდება რას სთავაზობს მათ ქართული სახელმწიფო”. 


ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ის სკეპტიკურად არის განწყობილი ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში რუსეთის საშუამავლო როლთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა: ”მე დარწმუნებული ვარ საერთაშორისო თანამეგობრობა ნამდვილად ადეკვატურად შეაფასებს იმ წინადადებებს, რაც გუშინ გახმოვანდა”. 
 
”ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მომხრე და ამისათვის არა მარტო ვფიქრობთ, არამედ კონკრეტულ ინიციატივებსაც ვახმოვანებთ,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button