
ეუთოს თავმჯდომარე ცხინვალში მომხდარი აფეთქების გამო შეშფოთებულია
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილკა კანევრამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი აფეთქებების გამო და მხარეებს ”უპირობო დიალოგის” გაგრძელებისკენ მოუწოდა.
”მე დამწუხრებული ვარ მსხვერპლის გამო და სერიოზულად შეშფოთებული კონფლიქტის ზონაში ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობის ზრდისა და დაძაბულობის გამწვავების გამო,” – განაცხადა კანერვამ, ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ განაახლოს უპირობო დიალოგი და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან ან განცხადებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას”.
28 თებერვლის შემდეგ სამი აფეთქება მოხდა კონფლიქტის ზონაში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ ცოტა ხუთი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის ერთი ჯარისკაცი. ბოლო ინციდენტი 27 მარტს ცხინვალში მოხდა, რომლის დროსაც მანქანის აფეთქებას 25 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ეუთოს პრეს-რელიზის თანახმად, დამნაშავეები ჯერ გამოვლენილი არ არიან.