
თბილისმა დსთ-ს შეხვედრაზე მოსკოვი გააკრიტიკა
ქართველმა დიპლომატმა გააკრიტიკა რუსეთი დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან გამოსვლის და სახელმწიფო სათათბიროს მიერ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების აღიარების შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო დსთ–ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მოსკოვში გაიმართა.
6 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი ცალმხრივად გამოდის 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
”ჩვენ არა გვაქვს პრობლემები იმის თაობაზე, რომ რუსეთი არღვევს ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს სეპარატისტული რეჟიმის მიმართ, რადგან რუსეთი ისედაც არ აქცევდა ყურადღებას ამ აკრძალვას, მაგრამ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ მოიხსნა ვალდებულება არ მიაწოდოს შეიარაღება და ცოცხალი ძალა სეპარატისტულ რეჟიმს,”- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მოსკოვში დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ სათათბიროს მიერ 21 მარტს მიღებული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს კრემლს განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი, ”არის რუსეთის არამეგობრული პოლიტიკის კიდევ ერთი ნაბიჯი”.