ახალი ამბები

ბაქრაძე: ნატოში ინტეგრაციის ხელოვნული საფეხური ჩვენთვის მიუღებელია

თბილისისთვის ნატოში ინტეგრაციის ”ხელოვნური” საფეხური მიუღებელია და აპრილის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ უნდა მიიღოს ან არ მიიღოს ალიანსში გაწევრიანების გეგმა (MAP), განაცხადა ბრიუსელიდან დაბრუნებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.


Washington Post-ი 24 მარტს წერდა, რომ განიხილება საკითხი, მათ შორის აშშ-ს ადმინისტრაციაშიც, რომ საქართველოს და უკრაინას ნატომ შესთავაზოს გარკვეული ტიპის გარანტია, თუმცა არა წევრობის გეგმა.


”არანაირი ხელოვნური მექანიზმი, რომელიც იქნება გამოგონილი ამ შემთხვევაში საქართველოსთვის და უკრაინისთვის და რომელიც იქნება დამატებითი საფეხური ინტენსიურ დიალოგს შორის, სადაც დღეს ვართ და MAP-ს შორის, რომელზეც გადასვლაც გვინდა, ჩვენთვის მისაღები არ არის,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ, ”საქართველო იმსახურებს MAP-ს და გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან მარტივი: ან იქნება MAP ან არ იქნება MAP”.


მანამდე ბაქრაძემ ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილებოდა, განაცხადა, რომ საქართველოსთვის MAP-ზე უარის თქმა კონფლიქტებს გაამწვავებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტი იქნება ტესტი ნატოსთვის, თუ რამდენად შეუძლია ამ ორგანიზაციას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

Back to top button