ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს ”ტერაქტებზე” ბრალდების დასაბუთებას თხოვს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ თუ რუსული მხარე არ წარმოადგენს იმ ბრალდებების დამადასტურებელ მასალას თითქოს ცხინვალის რეგიონში ბოლო დროინდელი აფეთქებები თბილისის მოწყობილია, მან ბოდიში მაინც უნდა მოიხადოს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო ”ერთ თვეში სამხრეთ ოსეთში ორი სისხლიანი ტერაქტი მოხდა, რომელთა კვალიც თბილისისკენ მიდის”. პირველ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მეორე შემთხვევის შედეგად ორი ძალოვანი მძიმედ დაიჭრა. 


”შემაშფოთებელია ის, რომ ქართულ მხარეს უაპელაციოდ ბრალდება რაღაც ტერაქტების მოწყობა და ა.შ., მე იმედი მაქვს, რომ რუსული მხარე წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას დამადასტურებელს ამისას, თუ არა და მოუწევთ ბოდიში მაინც მოგვიხადონ,”- განუცხადა ჟურნალისტებს იაკობაშვილმა.


მისი შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყებამ თავის განცხადებაში ”ოსური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირდაპირ გადაბეჭდა”. ოსური მხარე ”ტერაქტების” მოწყობაში თბილისს ადანაშაულებს, რასაც ქართული მხარე უარყოფს.  


სახელმწიფო მინისტრმა კომენტარი გააკეთა მოსკოვის რეკომენდაციაზე ცხინვალის სურვილის შესაბამისად გაიმართოს საქართველოს პრეზიდენტისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ედუარდ კოკოითის შეხვედრა.


”ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ ასეთი შეხვედრისა, უბრალოდ მიგვაჩნია, რომ ეს შეხვედრა უნდა მომზადდეს,”- აღნიშნა იაკობაშვილმა. 
 


 

Back to top button