ახალი ამბები

ოპოზიციამ ”იმედის” მხარდასაჭერად აქცია მოაწყო

1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა 26 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” ოფისთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რათა გაეპროტესტებინათ ხელისუფლების მიერ ”იმედის” ხელში ჩაგდების მცდელობა, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს.


”ბოლო ბასტიონს თავისუფალი სიტყვის, ბოლო ბასტიონს ქართველი ხალხის ტელეკომპანია ”იმედს” მაჯლაჯუნები დაესივნენ..მე ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანასაც, ჩვენ დავიცავთ ტელე-რადიოკომპანია ”იმედსაც”, ჩვენ ღირსებასაც და ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას,” – განაცხადა ოპოზიციური კოალიციის წევრმა გიორგი ხაინდრავამ აქციაზე, ”დიდი მადლობა, ბადრი [პატარკაციშვილი], რომ ეს [ტელეკომპანია] დაგვიტოვე, პირობას გაძლევთ, რომ იგი დაუბრუნდება ხალხს”.


თავის გამოსვლაში ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ კვლავ შეუტია ტელეკომპანიებს ”რუსთავი 2”-ს და ”მზეს” ხელისუფლების სასარგებლოდ ინფორმაციის გავრცელების გამო.


”ჩვენ ”რუსთავი 2”-ში და ”მზეში” ჟურნალისტები არ გვყავს, ისევე როგორც არ გვყავს მოსამართლეები სასამართლოში, ისევე როგორც არ გვყავს პროკურორები პროკურატურაში,” – განაცხადა მან, ”როგორც მერაბიშვილი [შინაგან საქმეთა მინისტრი] არის სააკაშვილის ჯიბეში, ისევე არის ყველა ეს ჟურნალისტი [”რუსთავი 2”-დან და ”მზიდან”] სააკაშვილის ჯიბეში. რას ნიშნავს ჟურნალისტიკა – ხალხს უნდა მისცე სიმართლე, ესენი ხალხს აძლევენ ტყუილს. მე ძალიან სერიოზულად ვფიქრობ, რომ მთელ საქართველოს მოვუწოდო საერთოდ გამოვრთოთ ეს სიხშირეები… არ მივცემ მათ კომენტარებს, სანამ ამ ტელევიზიებში არ მოწესრიგდება სიტუაცია. თუ იქნება პირდაპირი ეთერი და ოდესმე თუ მომცემენ ეს ტელევიზიები პირდაპირ ეთერს, ჩემს სიტყვას იქ ვიტყვი”.


დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტთან დაკავშირებით გუშინდელი ინციდენტის კომენტირებისას აქციაზე განაცხადა : ”ჟურნალისტების მიმართ შეიძლება გულისწყრომა გვქონდეს, მაგრამ არ გამოვხატოთ აგრესია, პირიქით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი ჟურნალისტიკა, ჩვენ გვინდა თავისუფალი სიტყვა და სწორედ ამიტომ ვდგავართ დღეს აქ”.


დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა აქციაზე: ”სიტყვის თავისუფლების დარღვევა არის ის, რაც ხდება ”იმედთან” დაკავშირებით… იმედი უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ეს არ არის ის ამბავი, რომელმაც შეიძლება ასე უბრალოდ ჩაიაროს, რადგან აქ დადგება მთელი საქართველო განურჩევლად იმისა, ვინ რომელ პარტიაშია”.


ტელეკომპანია ”იმედის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა 26 მარტს განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია საცდელ მაუწყებლობას აპრილის დასაწყისში განაახლებს, ხოლო სრული მაუწყებლობა, მათ შორის საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური თოქშოუები, 10 აპრილიდან აღდგება.


ამის შესახებ განცხადება ბარათაშვილმა ”იმედის” სავარაუდო მფლობელთან ჯოზეფ ქეისთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button