ახალი ამბები

60 პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 60-მა პარტიამ, მათ შორის მმართველმა და ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოთქვეს. დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შესაბამისი განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა.


ერთ-ერთმა ბოლომ განაცხადი მმართველმა პარტიამ შეიტანა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის” სახელით მიიღებს მონაწილეობას.


ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც დანარჩენ ოპოზიციონერებს ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, ასევე შეიტანა განაცხადი ცესკოში. ლეიბორისტების განცხადებით, ისინი ”ბრძოლაში ერთვებიან”. თუმცა კანონმდებლობით, არჩევნებამდე 2 დღით ადრე – 19 მაისს პარტიებს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის უფლება აქვთ.


პარტიების რეგისტრაციის საკითხს ცესკო გადაწყვეტს. ამ პროცედურას პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმში გადიან საპარლამენტო პარტიები, ხოლო დანარჩენებს 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერების წარდგენა უწევთ.


8 აპრილს იწურება ვადა, როცა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებზე ბლოკის სახით გამოსვლის საკითხი, 21 აპრილს კი მაჟორიტარი კანდიდატები და საარჩევნო სიები უნდა წარადგინონ.



 

Back to top button