
სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიას
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გმობს ტელეკომპანიების ”რუსთავი 2“-სა და ”მზის“ ჟურნალისტების მიმართ მოქალაქეთა მხრიდან გამოვლენილ აგრესიას, ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 25 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
”ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის დაუშვებელი და კანონით დასჯადი ქმედება. არავის აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, რაც გამოიხატება ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებში,” – ნათქვამია განცხადებაში.
ინციდენტი 25 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მოხდა, როდესაც ტელეკომპანიების ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” ჟურნალისტებს ოპოზიციის მხარდამჭერებმა არ მისცეს საშუალება აქციის ადგილიდან პირდაპირი ჩართვა განეხორციელებინათ.
მოგვიანებით იმავე დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა ორივე ტელეკომპანიის სახელით გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ოპოზიციის მხარდამჭერთა ქმედებები და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიერ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტების მიმართ გამოცხადებული ბოიკოტი.