ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელს სტუმრობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ბრიუსელში ნატოს შტაბბინას სტუმრობენ.


დაგეგმილია მათი შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან, ხოლო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განიხილება ნატოს შემფასებელი მისიის ანგარიში საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2-4 აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ, სადაც შესაძლოა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლა – წევრობის სამოქმედო გეგმა შესთავაზონ.


Washington Post-ი წერდა 24 მარტს, რომ განიხილება საკითხი, მათ შორის აშშ-ს ადმინისტრაციაშიც, რომ საქართველოს და უკრაინას ნატომ შესთავაზოს გარკვეული ტიპის გარანტია, თუმცა არა წევრობის გეგმა. თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა Washington Post-ის რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: ”ეს სისულელეა… ჩვენ თავს ვერ მოვიტყუებთ. ჩვენ საკუთარ ხალხს ვერ მოვატყუებთ”.


”თუ ახლა ამას [MAP-ს] ვერ მივიღებთ, შესაძლებლობათა ფანჯარა დაიხურება რამდენიმე მიზეზის გამო,” – იტყობინება Washington Post-ი სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენთვის უარის თქმით, [ნატო] სიგნალს გაუგზავნის რუსეთს ’შენთვის დაგვითმია ისინი. ჩვენ ამას დიდად არ შევეწინააღმდეგებით’. რუსეთს ეს წაახალისებს. ისინი ჩათვლიან, რომ სწორ გზაზე დგანან, როდესაც ჩვენ სირთულეებს გვიქმნიან”.

Back to top button