
ნატოს შტაბბინაში საქართველოზე იმსჯელებენ
საქართველოს დელეგაცია 26-27 მარტს მონაწილეობას მიიღებს ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 26+1 ფორმატის შეხვედრაში.
ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განიხილება ნატოს შემფასებელი მისიის ანგარიში საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2-4 აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ, სადაც შესაძლოა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლა – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა შესთავაზონ.
”ამ ძალიან მნიშვნელოვან განხილვაზე, მე დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დადასტურდება საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით ამ ეტაპზე განსახორციელებელი ყველა რეფორმის წარმატებით შესრულება,”- განაცხადა დღეს ბრიუსელში გამგზავრებამდე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ.
საქართველოს დელეგაციას ნატოს შტაბ-ბინაში ასევე წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე.