
გიგა ბოკერია კომპრომისს გამორიცხავს
დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან გამორიცხა ოპოზიციასთან რაიმე კომპრომისი მიმდინარე შიმშილობის აქციის ფონზე.
გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 24 მარტს გამოქვეყნდა, მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ერთმანდატიან ოლქებში 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის თაობაზე ”არ გადაიხედება”.
ოპოზიცია ერთადერთ მოთხოვნას აყენებს და შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობად 75 მაჟორიტარი დეპუტატის მრავალმანდატიან ოლქებში არჩევას ითხოვს, ნაცვლად ერთმანდატიანისა.
ექიმები და ოპოზიციური აქტივისტები აცხადებენ, რომ მოშიმშილეთა მდგომარეობა გაუარესდა. კონსერვატორული პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად პარლამენტის წინ 42 ადამიანი შიმშილობს. 24 მარტს მეთექვსმეტე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხუთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან, მათ შორის სამმა დეპუტატმა შიმშილობის აქცია დაიწყო. დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ. ექვსი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე თხუთმეტი დღეა შიმშილობს (დეპუტატი ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).
დეპუტატმა გიგი წერეთელმა მმართველი პარტიიდან 24 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მოშიმშილეთა იძულებით მკურნალობის ზომას მიმართოს, თუ ისინი კვლავაც უარს იტყვიან სამედიცინო დახმარებაზე.
”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციასთან არ არის მიღწეული შეთახმება საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტების შესახებ. ”ამგვარი სცენარი საშუალებას მისცემდა ოპოზიციას დაებლოკა [საარჩევნო ადმინისტრაციების] გადაწყვეტილებები. ეს სისტემის პარალიზებას მოახდენდა,” – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი განაგრძობს ამ პოსტზე მუშაობას, რადგანაც ”კონსენსუსი” არ იქნა მიღწეული იმაზე, თუ ვინ შეცვლის მას.
”ამაზე საუბარიც კი უაზრო გახდა ოპოზიციის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო,” – განაცხადა ბოკერიამ.