
რუსეთის სათათბირო საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ აფრთხილებს
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 21 მარტს მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც მოუწოდებს კრემლს განიხილოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების საკითხი იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები 20 მარტს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რეზოლუციის პროექტში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა ”განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიზაციის ობიექტური პროცესის დაჩქარების შესაძლებლობა, მათი დამოუკიდებლობის აღიარებამდე”.
”საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი, რომელიც ნატოში სრული ინტეგრაციისკენაა მიმართული, წაართმევს საქართველოს შანსს ტერიტორიების და იქ მაცხოვრებელი ხალხის კონსოლიდაცია მოახდინოს,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” რეზოლუციის პროექტზე დაყრდნობით.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შემდეგ, ”რუსეთის ფედერაციამ საჭიროდ ჩათვალა გადახედოს თავის პოლიტიკას აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და დნესტრისპირეთთან მიმართებაში”.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტში ნათქვამია, რომ ”რუსეთის სახელმწიფო სათათბირო პატივს სცემს საქართველოს და მოლდოვას სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, ის ასევე აღნიშნავს, რომ ”აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და დნესტრისპირეთს, რომელთაც თავიანთი დე ფაქტო დამოუკიდებლობის წლების მანძილზე ააშენეს დემოკრატიული სახელმწიფოები მართვის ყველა საჭირო ატრიბუტით, კოსოვოზე ბევრად უფრო მეტი საფუძველი აქვთ, რომ ისწრაფვოდნენ საერთაშორისო აღიარებისკენ”.
დოკუმენტი ასევე ავალებს რუსეთის მთავრობას გააძლიეროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალების პოტენციალი, ”ასევე განსაზღვრონ სხვა ზომები, რომლებიც ამ რეგიონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაეხმარება”.
”რუსი სამშვიდობოების გამოყვანას შესაძლოა მოყვეს კატასტროფული შედეგები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და სიტუაციის დესტაბილიზაცია,” – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
”ჩვენ გვაშფოთებს ოსი და აფხაზი ხალხების ბედი,” – განუცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა ჟურნალისტებს 20 მარტს, ”ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ჩართულია ნატოში ინტეგრაციის პროცესში. და ეს ჩვენი შეშფოთების წყაროა”.
მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, თუმცა თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება ”ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს”.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფო სათათბიროში 13 მარტს გამართულ მოსმენაზე აღნიშნეს, რომ მათ სურთ, რომ რუსმა დეპუტატებმა მოუწოდონ თვითგამოცხადებული რეგიონების დაუყონებლივ აღიარებისკენ.