
ოპოზიცია დიალოგის განახლებაზე უარს აცხადებს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარს აცხადებენ ხელისუფლებასთან დიალოგის განახლებაზე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი ამ ეტაპზე 75 მაჟორიტარის არჩევის წესია.
”რაზეც შევთანხმდით, ჯერ ის შეასრულონ და მერე გაგრძელდება დიალოგი,”- განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ოპოზიციური კოალიციიდან.
”გადაჭარბებული და გაზვიადებულია ის აჟიოტაჟი, რომელიც არის ამ მოლაპარაკებებთან და დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეებიდან დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ, ”ჩვენ პროტესტი უკიდურესი ფორმა ავირჩიეთ იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვქონდა დარჩენილი”.
მმართველმა პარტიამ 19 მარტს თავი შეიკავა საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებების კენჭისყრისაგან, რომელიც 75 მაჟორიტარის არჩევის წესს ეხება და ოპონენტებს 2 დღე მისცა ამ საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად. იმავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამორიცხეს რესპუბლიკური პარტიის ინიციატივაზე მსჯელობის შესაძლებლობა, რომელიც ერთმანდატიანის ნაცვლად 75 მაჟორიტარის არჩევას მრავალმანდატიანი ოლქებიდან ითვალისწინებს.
რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ მხოლოდ მათი ინიციატივის განხილვის შემთხვევაში დათანხმდება დიალოგის განახლებას.
”საარჩევნო კოდექსში საკითხები გვაინტერესებს ჯერ იმ კონტექსტში, რომ გადაწყდეს მთავარი საკითხი, რაც ეხება ამ 75 მაჟორიტარს,”- განაცხადა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ზურაბიშვილმა, ”თუ ეს იქნება განხილვის საგანი, მაშინ ცხადია, ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ”.
იმავდროულად, მრეწველთა ფრაქციის ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე ცდილობს გარკვეული შუამავლის როლი შეასრულოს მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის საქმეში, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
დღეს შიმშილობის მე-12 დღეა იმ ხუთი მოშიმშილესთვის ოპოზიციური კოალიციიდან, რომელთაც ათობით მხარდამჭერთან ერთად პირველებმა დაიწყეს ეს აქცია. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. შვიდი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე 11 დღეა შიმშილობს (ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).