
პრეზიდენტმა 21 მაისი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღად დაასახელა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნა და საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, სავარაუდოდ, 21 მაისისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმამდე.
”ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს გაზაფხულზე, ჩვენ წინასწარი შეთანხმება როგორც გვქონდა ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებთან იყო, რომ არჩევნები მათ უნდოდათ, რომ ჩატარებულიყო 24 მაისამდე. ზოგიერთი მათგანი მოტივირებდა იმით, რომ მათ არ უნდოდათ სამხედრო აღლუმისა და დამოუკიდებლობის დღის ზეიმის შემდეგ არჩევნების ჩატარება, თუმცა ეს ბოლომდე მე არ მესმოდა, მაგრამ ასეთი მოტივაცია იყო, რომ ეს მთავრობის სასარგებლოდ განაწყობს ხალხს,”- განაცხადა აშშ-ი ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, ”კარგით, თუ ეს არ უნდათ, ჩვენ მზად ვართ, რომ არჩევნები ჩავატაროთ 26 მაისამდე, დაახლოებით, ვვარაუდობთ, სადღაც 21 მაისს”.
ოპოზიციამ სააკაშვილის ეს განცხადება არ აღიქვა, როგორც მათ მიმართ კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან.
5 იანვრის პლებისციტის საფუძველზე, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ შემოდგომის ნაცვლად, არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების სასარგებლოს მისცა ხმა, პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არჩევნების მაისში ჩატარებას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა თარიღი არჩევნებამდე 60 დღით ადრე უნდა დანიშნოს.