
ნათელაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკრიტიკა სხვა ოპოზიციური პარტიები უუნარობის გამო დაასრულონ სააკაშვილის მმართველობა საქართველოში.
17 მარტს პოლიტიკურ თოქშოუ Primetime-ში საუბრისას ნათელაშვილმა ასევე უსაყვედურა ამომრჩევლებს იმის გამო, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას ხმა არ მისცეს. ნათელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, ”რომელიც სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო” 1999 წელს, მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მან. ”ამიტომ ახლა ამომრჩეველმა უნდა იკისროს ვალდებულება არსებული ქაოსის გამო,” – განაცხადა ნათელაშვილმა. ლეიბორისტების ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 6.5% მიიღო, ლევან გაჩეჩილაძემ 25.7%, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა 53.4%.
მან ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის იყო ნამდვილი ოპოზიციური ლიდერი, რომელიც ებრძოდა ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, შემდეგ სააკაშვილს, განსხვავებით ბევრი იმ პოლიტიკოსისგან, რომლებიც, მისი თქმით, ახლა ოპოზიციის ლიდერობას იჩემებენ. ”ჩემთვის არ არსებობს განსხვავება ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის,” – განაცხადა მან. ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, რომლებიც ამჟამად შიმშილობენ, ან შევარდნაძის ან სააკაშვილის პარტიის წევრები იყვნენ.
”ჩვენ ვითანამშრომლებთ [ოპოზიციურ პარტიებთან] და კოალიციური მთავრობა გვექნება,” – განაცხადა ნათელაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ოპოზიციის სხვა ლიდერები მას არ უნდა გაუტოლდნენ და თავზე არ უნდა მოახვიონ თავიანთი აზრები, ”ჩემგან უნდათ რომ საპროტესტო აქციებზე ხალხი მივიყვანო,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ ვერ შეძლო ხალხის მოყვანა აქციაზე მას შემდეგ, რაც ლეიბორისტულმა პარტიამ უარი თქვა მათთან შეერთებაზე.
ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ ხალხი მას დაუჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნებზე, იგი სააკაშვილის, ბურჯანაძის, მერაბიშვილის და ბენდუქიძის ”თავებს ჩააბარებს” ხუთ დღეში.
თუმცა, მან ასევე მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო არჩევნებს და იქვე დასძინა, რომ მისი პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ სხვა პარტიები არ შეუერთდებიან მის მოწოდებას ბოიკოტისკენ.