
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო გალში თვითმფრინავის ჩამოგდებას არ ადასტურებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს სოხუმის განცხადებას გალის რაიონში საქართველოს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე.
”ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი თვითმფრინავი არსად არ ჩამოვარდნილა”, – განუცხადა Civil.Ge-ს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ნანა ინწკირველმა და იქვე დასძინა, რომ ქართულ მხარეს ”მსგავსი ტიპის”- უპილოტო მზვერავი თვითმფრინვები გააჩნია.
იმავდროულად, თვითგამოცხადებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განუცხადა ”აფსნიპრესს”, რომ თვითმფრინავი შუადღეზე გალისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ პრიმორსკოესთან ჩამოაგდეს. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს თვითმფრინავის ნამტვრევების ძებნა, რომელიც ზღვაში ჩაცვივდა.