
ოპოზიცია აშშ-ს საელჩოს წინ საპროტესტო აქციას გეგმავს
ოპოზიციის ლიდერებმა 16 მარტს განაცხადეს, რომ 19 მარტს დღის 2 საათზე, თბილისში აშშ-ს საელჩის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. ეს აქცია ვაშინგტონში პრეზიდენტ სააკაშვილის აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან შეხვედრას დაემთხვევა.
16 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა გაზეთ ”24 საათის” ცნობით: ”მიშა არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ქართველი ხალხის ნება არის აქ. თუ ბუშს ქართველ ხალხთან საუბარი უნდა, მოვიდეს და აქ ელაპარაკოს ქართველებს”.
16 მარტს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე გაისმა მოწოდებები პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გადადგომის თაობაზე.
პარლამენტის წინ ოპოზიციის დაახლოებით 60-მდე აქტივისტი განაგრძობს შიმშილობის აქციას. 16 მარტს შიმშილობის მერვე დღე იყო იმ ხუთი მოშიმშილესთვის ოპოზიციური კოალიციიდან, რომელთაც პირველებმა დაიწყეს ეს აქცია. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. შვიდი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე შვიდი დღეა შიმშილობს (ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).