
ოპოზიცია შიმშილობის აქციის შეწყვეტას ბურჯანაძის გადადგომამდე არ აპირებს
თუ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გადადგება, შიმშილობის აქცია შეწყდება, განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 17 მარტს მას შემდეგ, რაც რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციის წარმომადგენლებთან დახურული კონსულტაციები გაიმართა.
”ეს არის აბსოლუტურად მკაფიო მოთხოვნა ჩვენი: გადადგეს ბურჯანაძე და ჩვენ შევწყვეტთ აქციას. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა,”- განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს, ”რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ჩვენ მოვახერხებთ, ვინც იქნება მისი შემცვლელი, მასთან გაგრძელებას ამ საუბრებისა. მე მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ბურჯანაძე გადადგეს იმიტომ, რომ მათ არანაირი მზაობა არა აქვთ იმისა, რომ გარანტიები შექმნან თავისუფალი არჩევნებისთვის”.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიცია შიმშილობის აქციის შეწყვეტას არ აპირებს. ”საუბარია აქციისთვის კიდევ უფრო მეტი ფართომასშტაბიანი ხასიათის მიცემაზე,”- განაცხადა ძიძიგურმა კონსულტაციების შემდეგ.
განსხვავებული პოზიცია გამოხატა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას და ეჭვი გამოთქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საწინააღმდეგო კამპანია ”შესაძლოა თავად ბურჯანაძის მხრიდან იყოს პოლიტიკური მანევრი”. მან ასევე აღნიშნა, რომ ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ავტომატურად შესრულდება.
ამ მოთხოვნით დღეს ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო თბილისსა და ქუთაისში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ბურჯანაძეა. თუმცა ოპოზიცია თავადვე აღიარებს, რომ აქციას უფრო მორალური დატვირთვა აქვს, ვიდრე სამართლებრივი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში ბურჯანაძის იმპიჩმენტი შეუძლებელია. იმავდროულად, დღეს ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისში მის საცხოვრებელ სახლთანაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ოპოზიციის ქმედებები ”არასერიოზულად” და ”ადამიანების მოტყუების მცდელობად” შეაფასა.
”თუ ოპოზიციას აქვს თავის თავის იმედი, მოიგოს ეს არჩევნები და ბუნებრივია, დანიშნავს იმ თავმჯდომარეს, რომელიც მათ მოესურვებათ, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები არიან გამოსავლის ძიების პროცესში და აქედან გამომდინარე ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ხალხი შეიყვანონ შეცდომაში,”- განაცხადა მან.
ბურჯანაძემ ბიუროს სხდომაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ”ხელოვნურად” არის იგნორირებული ”ჩვენი მხრიდან ძალიან სერიოზული მზაობა” საარჩევნო საკითხებზე კონსულტაციების.