
თბილისი გმობს ჯავაში ოსი ეროვნების ადამიანების დაკავებას
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გმობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჯავის რაიონში ადამიანთა ჯგუფის დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ ქართული მხარე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ცხინვალის ძალოვანები 6 მარტიდან ატარებენ ”უპრეცედენტო დამსჯელ ოპერაციებს” ჯავის რაიონში, რაც ათეულობით ადგილობრივი მოსახლის დაკავებაში გამოიხატება.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ძალოვანებმა დააკავეს ჯავის რაიონის 8 მკვიდრი, რომელთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა იქნა აღმოჩენილი, მიმდინარეობს გამოძიება.
”რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ მშვიდობიანი ოსი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და პირადი უსაფრთხოების ხელყოფა,”- ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, ”კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს კოკოითის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე”.
აღნიშნულის შესახებ ვენაში მყოფმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა ეუთოს წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს და მოუწოდა დაგმონ ეს ფაქტი.