
ბურჯანაძე ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოუწოდებს ოპოზიციას შეწყვიტოს შიმშილობა და განაახლოს დიალოგი მმართველ პარტიასთან ”ყველა” იმ თემაზე, რომელიც მემორანდუმშია ასახული.
ბურჯანაძის განცხადებით გადასაწყვეტი რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის საკითხი და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის გადაყენებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების ახალი წესით დაკომპლექტებაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო ხარვეზების აღმოფხვრაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საკითხები. მისი თქმით, ამ საკითხების გადაწყვეტას მოლაპარაკებების შეჩერება აფერხებს.
13 მარტს ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე გააფრთხილა ხელისუფლება, რომ იწურება ხელისუფლების მიერ დათქმული ვადა – 15 მარტი, როცა თარხნიშვილის და საარჩევნო ადმინისტრაციების საკითხები უნდა გადაწყდეს.
”უხერხულია, როცა წინასწარ იცი, რომ ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს და ეს ნაბიჯები გადადგმული იქნება და გადაწყვეტილი იქნება და როგორც კი ამას გაიგებ, მერე ამ საკითხს ულტიმატუმის ფორმით აყენებ, რომ საზოგადოებამ ეს გამარჯვებად ჩაგითვალოს,”- განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ბურჯანაძემ ოპოზიციის ამ გაფრთხილების საპასუხოდ.
მისი თქმით, ოპოზიციამ შიმშილობის აქციების წამოწყებით წინასაარჩევნო კამპანიის რადიკალიზაციის გზა აირჩია. ბურჯანაძემ მოუწოდა ოპოზიციას უარი თქვას ამ გზაზე და ”ვისაუბროთ პროგრამებზე, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტას”.
”უკვე დროა, რომ ჩვენ საბოლოოდ მოვემზადოთ წინასაარჩევნო პერიოდისათვის, საბოლოო დავუსვათ წერტილი ყველა იმ საკითხს, რომელიც პარლამენტშია განსახილველი და გადავიდეთ საარჩევნო ბრძოლაზე და ერთხელ სამუდამოდ საქართველო გამოვიყვანოთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რასაც კარვების ქალაქი ჰქვია,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”თუ ვინმეს არჩევანია ეს, ეს მხოლოდ სამწუხაროა, რადგან საზოგადოება ჩვენგან ითხოვს დიალოგს”.
მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ”ძალიან დასაბუთებული რწმენა”, რომ მაისში არჩევნები ჩატარდება სამართლიანად.
”აუცილებელია საარჩევნო კოდექსში ჩაიდოს აუცილებელი მექანიზმები იმისა, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს ნდობა არჩევნებისადმი და ჩვენ ამ ნაბიჯებისთვის ნამდვილად მზად ვართ,”- დასძინა მან.
იმავდროულად უკვე მე-6 დღეა გრძელდება ოპოზიციის შიმშილობის აქცია პარლამენტის შენობის წინ, სადაც 5 დეპუტატი და 50-მდე ადამიანი შიმშილობს და ბურჯანაძის მისაღებში, სადაც ახალი მემარჯვენეების ფრაქციის მამაკაცი წევრები შიმშილობენ.