ახალი ამბები

ბერეზოვსკი საქართველოს მიმართ ინდეფერენტული არ არის

ბორის ბერეზოვსკიმ, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ყოფილმა ბიზნეს პარტნიორმა და მეგობარმა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის სულერთი არ არის საქართველოში მიმდინარე მოვლენები.


მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური კოალიციის სუბიექტმა გოგა ხაინდრავამ, რომელსაც ის ლონდონში შეხვდა, ”უბრალოდ აღწერა პოლიტიკური ვითარება საქართველოში, რომლის მიმართაც მე გულგრილი არ ვარ”.


შემდეგ მას ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა: ”რა გეგმები გაქვთ საქართველოსთან მიმართებაში?” ბერეზოვსკიმ მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა: ”მე ვაპირებ გავაკეთო ის, რასაც ბადრი აკეთებდა”.


გოგა ხაინდრავამ 13 მარტს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლონდონში შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ბერეზოვსკი, მან პატარკაციშვილის ქვრივთან ინა გუდავაძესთან ტელეკომპანია ”იმედის” მომავალზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ”იმედთან” დაკავშირებით განცხადებას ინა გუდავაძე გააკეთებს.

Back to top button