skip to content
ახალი ამბები

რუსეთის სათათბირო თვითგამოცხადებულ რეგიონებში მისიების გახსნის ინიციატივით გამოდის

რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტი არ მოუწოდებს რუსეთის მთავრობას აღიაროს თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა, თუმცა გამოდის ინიციატივით გაიხსნას ამ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობები. 


დსთ-ს საქმეთა კომიტეტში დღეს გაფართოებული მოსმენა გაიმართა თვითგამოცხადებული რეგიონების მიმართვებთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნას ეხება.  სხდომაში მონაწილეობა მიიღეს თვითგამოცხადებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციებმა.


”ინტერფაქსი” იუწყება, რომ დსთ-ს კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფო სათათბიროს მიმართოს ძალისხმება თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ფორუმებში დაშვების მისაღწევად, სადაც მათი საკითხები იხილება.


იმავდროულად, რუსი პარლამენტარები სთავაზობენ რუსეთის მთავრობას, რომ შენარჩუნდეს არსებული სამშვიდობო ოპერაციები კონფლიქტურ რეგიონებში.


”ბოლო დროს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონებში ვითარება სულ უფრო იძაბება. თბილისის მოქმედების ხაზი განუჭვრეტელი, ზიგზაგური და დესტრუქციულია. არის მცდელობები კონფლიქტების მოგვარების მოქმედი მექანიზმების მოშლისა და რუს სამშვიდობოთა მისიების კომპრომეტირების. ყველაფერი ეს აძლევს აფხაზებს და ოსებს იმის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩევანს ძალისმიერ სცენარზე გააკეთებს,”- ნათქვამია დსთ-ს კომიტეტის რეკომენდაციათა პროექტში, რომელიც სათათბიროს წარედგინება განსახილველად. 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რომელიც ასევე ესწრებოდა დღევანდელ სხდომას, განაცხადა, რომ რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის წონადი იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button