
ნათელაშვილი საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც არ უერთდება ოპოზიციური კოალიციისა და ახალი მემარჯვენეების საპროტესტო აქციას ხელისუფლების წინააღმდეგ, ოპოზიციურ პარტიებს მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდა.
”გამოვუცხადოთ ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნებს და თუ ერთი ორმა პარტიამ მაინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ბუნებრივია, ჩვენ ქვეყანას ვერ დავტოვებთ იმ ორი მოღალატე პარტიის იმედზე და ჩვენ აუცილებლად შევიჭრებით ბრძოლის ველზე,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა გახსნილი კონსულტაციებისათვის ”ყველა ოპონენტთან, ყველა ოპოზიციურ ძალასთან”.
ოპოზიციურმა კოალიციამ, რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი არის არა ბოიკოტი, არამედ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.