ახალი ამბები

საქართველო და ნატო სარადარო მონაცემებს გაცვლიან

ნატომ საქართველოსთან სარადარო ინფორმაციის გაცვლა დაიწყო ”საჰაერო სივრცეში თანამშრომლობის ინიციატივის” ფარგლებში. ალიანსს ანალოგიური თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთანაც აქვს, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ 12 მარტს.


”ჩვენ მთელ რიგ ქვეყნებთან, არა მხოლოდ საქართველოსთან, მთელ რიგ პარტნიორ ქვეყნებთან გვაქვს პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს მათ საჰაერო სივრცეში და ჩვენთან არსებული სარადარო სურათების გაცვლას,” – განაცხადა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ჩვენ თანამშრომლობის მსგავსი პროგრამა რუსეთთანაც გვაქვს, რასაც ვეძახით საჰაერო სივრცეში თანამშრომლობის ინიციატივას. და ცოტა ხნის წინ, ჩვენ ფაქტიურად ჩავრთეთ საქართველოს სისტემა ნატოს სისტემაში, რაც უფრო ფართო ევროპული საჰაერო სივრცის მასშტაბური ხედვის საშუალებას იძლება, როგორიც უკვე გვაქვს [რუსეთთან] – ცოტა ხნის წინ გვქონდა რუსეთის საჰაერო სივრცის მონაცემების ჩვენ სისტემაში ჩართვის წარმატებული გამოცდა”.


მან განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იქვე დასძინა, რომ ალიანსს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მან ასევე გაიმეორა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, ”და გარეშე მხარეს მასზე ვეტოს უფლება არ აქვს”.   


 



 

Back to top button