
კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა საკონსტიტუციო ცვლილებებით გამყარდება
მთავრობამ მოამზადა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტი, რომელიც კერძო საკუთრების დაცვის ხელშეუხებლობის დამატებით გარანტიებს ეხება.
იუსტიციის მინისტრის ნიკა გვარამიას განმარტებით, კერძო საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. დღეს ამის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია.
გარდა ამისა, კონსტიტუციის იმ ნაწილში, სადაც საკუთრების ჩამორთმევა მიზანშეწონილად არის მიჩნეული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აისახება დებულება, რომ ჩამორთმევის დროს არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ცვლილებების თანახმად, საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევაში სავალდებულო იქნება მისი კომპენსაცია, რაც ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში უკვე შესულია და სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში მოხდება მისი გამოქვეყნება ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვისათვის, რასაც კონსტიტუციური კანონის განხილვის პროცედურა ითვალისწინებს.
საკუთრების დამატებითი გარანტიების საკანონმდებლო უზრუნველყოფა მთავრობის 50-დღიანი პროგრამის შემადგენელი ნაწილია.