ახალი ამბები

პრეზიდენტი თოფაძეს და მაისაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კანცელარიაში ოპოზიციური პარტიების მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და მომავლის პარტიის ლიდერებს გოგი თოფაძეს და გია მაისაშვილს შეხვდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე ისაუბრა.


ეს შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ოპოზიციას გარე საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობისაკენ მოუწოდა რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის სანქციების ცალმხრივად მოხსნის ფონზე. ოპოზიციური ძალების უმრავლესობამ ეს წინადადება სააკაშვილის PR-კამპანიის ნაწილად აღიქვა და სანაცვლოდ მოუწოდა დსთ-დან გამოსვლისა და კონფლიქტური რეგიონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანისაკენ.


”მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური განსხვავებებისა, დავისა რაღაცეებში ვთანხმდებით, რაღაცეებში ვერ ვთანხმდებით, არის საკითხები, სადაც ჩვენს შორის დავა არ შეიძლება – ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ერთიანობა, ერთიანი ნათელი  მომავალი,” – განუცხადა სააკაშვილმა თოფაძეს და მაისაშვილს, ”ხვალ და ზეგ, ყველაფერი შეიძლება საქართველოში შეიცვალოს. რა თქმა უნდა, შეიცვლება მრავალი მთავრობა, მაგრამ მთავარი, რაც დავკარგეთ, ეს არის ჩვენი ტერიტორია, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს და ყველაფერი დანარჩენი მოგვრჩება უკან და მე მგონი მათ ვისაც ეს ესმით, ის არის ყველაზე დიდი პატრიოტი ამ ქვეყნის და ამავე დროს, მას აქვს ყველაზე დიდი მომავალი ჩვენი ქვეყნის მომავალ პოლიტიკაში. ეს ასეა. მე მზად ვარ თქვენი აზრი მოვისმინო ყველა ამ საკითხზე”.


მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ, რომელიც აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან პრეზიდენტთან შეხვედრის თემა წინასწარ არ იცოდა. მაისაშვილის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით იგი მზადაა ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის მმართველ პარტიასთან.


 


 

Back to top button