ახალი ამბები

პარლამენტმა 2008 წლის ბიუჯეტის გაზრდას დაუჭირა მხარი

პარლამენტმა დღეს 153 ხმით 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა,  რომლის თანახმადაც შემოსავლების ნაწილში მთავარი ფინანსური დოკუმენტი 202 მლნ ლარით, ხოლო ხარჯების კუთხით 203 მლნ ლარით იზრდება.


ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ცვლილებები განაპირობა საგადასახადო შემოსავლების ზრდამ და პრივატიზაციიდან დაუგეგმავად შემოსულმა დამატებით 44 მლნ ლარმა. ამავე დროს, გადახედილ იქნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 6%-ის  ნაცვლად განისაზღვრა 7.5%-ით. შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტი 19.7 მლრდ ლარს მიაღწევს. 2008 წლის მოსალოდნელი ინფლაციის სიდიდე არ შეცვლილა და 8.0%-ის დონეზე დარჩა.

საბიუჯეტო ხარჯები ძირითადად სოციალური მიმართულებებით იზრდება:


ცვლილებების თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამატებით 52,2 მლნ ლარი გამოეყოფა, რაც მიმართული იქნება 1 აპრილიდან მინიმალური პენსიის 55-დან 70 ლარამდე გაზრდაზე.


ასევე 1 აპრილიდან გაორმაგდება ორგანიზებულად ჩასახლებულ ერთ დევნილსა და ლტოლვილზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობა 22 ლარამდე, ხოლო კერძო სექტორში  განსახლებულ ერთ დევნილსა და ლტოლვილზე 28 ლარამდე იმ 24.2 მლნ ლარიანი ზრდის შედეგად, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოეყოფა საბიუჯეტო ცვლილებების ფარგლებში.


29.2 მლნ ლარით გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი და მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შეძენასა და მოსახლეობის დიზელით უზრუნველყოფას საგაზაფხულო სამუშაოების დროს.


ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 55.9 მლნ ლარით იზრდება, რაც პროექტის თანახმად, ”ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფას” მოხმარდება.  


საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისათვის საბიუჯეტო ცვლილებებში 33.7 მლნ ლარია გათვალისწინებული, ხოლო  ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებზე მიმართული იქნება 7.5 მლნ ლარი.

კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 1 მლნ ლარი პატრიოტულ ბანაკების ორგანიზებას, ხოლო დანარჩენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამას მოხმარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 0.8 მლნ ლარით.


ბიუჯეტში შესული ცვლილებების თანახმად, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს დამატებით 2.0 მლნ ლარი გამოეყოფა.

იმავდროულად, ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს იმ სახელმწიფო მინისტრების აპარატების დაფინანსებას, რომელიც მთავრობაში იანვარში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. კერძოდ, – სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეგიონული მართვის საკითხებში 2.2 მლნ ლარი; სახელმწიფო მინისტრის აპარატს დიასპორის საკითხებში – 700 ათასი ლარი; და სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეინტეგრაციის საკითხებში 1 მლნ ლარი გამოეყოფა.


გარდა ამისა ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში ასახულია ევროობლიგაციების გამოშვების გეგმები. ამ მიზნით გათვალისწინებული 800 მლნ ლარი მიმართული იქნება სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი თაობების ფონდებში – თითოეულში 400-400 მლნ ლარის ოდენობით. თუმცა აღნიშნული ფონდები ჯერ არ შექმნილა იმის გამო, რომ პარლამენტი ჯერ კიდევ შესაბამისი კანონპროექტის განხილვის პროცესშია. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მომსახურების წლიურმა სარგებელმა შესაძლებელია შეადგინოს მაქსიმუმ 7.9%, ხოლო 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ მომსახურებაზე დაიხარჯება 31.5 მლნ ლარი.

Back to top button