
ალასანია რუსეთს აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის გამო აკრიტიკებს
რუსეთის ცალმხრივმა გამოსვლამ 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთს სანქციებს უწესებს, დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე შექმნა და ძირი გამოუთხარა სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ფორმატს განსაზღვრავს, განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 11 მარტს.
ნიუ-იორკში პრესკონფერენციაზე საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ შემაშფოთებელ ფაქტზე, რომ ამ შეთანხმებიდან გამოსვლით რუსეთის ფედერაცია აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად აღკვეთოს ყველა ტიპის შეიარაღების და აღჭურვილობის მიყიდვა და მიწოდება აფხაზური მხარისთვის.
გაეროს პრეს-რელიზის თანახმად, ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედება შეიძლება განხილულ იქნას როგორც მცდელობა აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან სამხედრო თანამშრომლობის ლეგიტიმაციისა.
ალასანიამ ასევე გააკრიტიკა გაერო კონფლიქტის მოგვარებაში მისი არაეფექტურობის გამო და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია არც ისე ეფექტური აღმოჩნდა, როგორიც მოლოდინი იყო მის მიმართ.
ამასობაში, აშშ-ს ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადმა სინანული გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის გამო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.
”ყველაზე შემაშფოთებელი ის პერსპექტივაა, რომ რუსეთის გამოსვლამ შეთანხმებიდან შესაძლოა გამოიწვიოს იარაღის მიწოდება სეპარატისტებისთვის,” – იტყობინება ”როიტერი” აშშ-ს ელჩის სიტყვებზე დაყრდნობით 11 მარტს.
”არ გვესმის, როგორც შეიძლება ამან ხელი შეუწყოს სტავილურობას სამხრეთ კავკასიაში, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას,” – დასძინა მან.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს მისწრაფებაზე ნატოში და აღნიშნა, რომ ”საქართველო მარტო არ არის” ამ გზაზე. მან მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალ წევრს.