ახალი ამბები

ოპოზიცია დიალოგის აღდგენის წინაპირობად სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ასახელებს

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელიც მესამე დღეა პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში თავის ხუთ თანაფრაქციელთან ერთად შიმშილობს, განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მესამე მოსმენით ჩააგდებს სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებს, აღდგება მხარეებს შორის დიალოგის რეჟიმი.


”ვთავაზობთ იმას, რომ მესამე მოსმენით ჩააგდონ კენჭისყრაზე ეს ცვლილებები და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების იმ რეჟიმს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნა,”- განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.


თუმცა მისი ეს წინადადება უარყო მმართველმა პარტიამ, რომელმაც 11 მარტს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი ოპოზიციასთან სადავო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს 75 ოლქიდან თითო მაჟორიტარის არჩევას. მესამე მოსმენით ცვლილებების მიღების შემდეგ, რასაც პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე გეგმავს, კონსტიტუციაში არსებული 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზრდება, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვი 75-მდე დაიკლებს. ოპოზიციის განცხადებით, ეს ხელს აძლევს მმართველ პარტია, რომელსაც მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის გარანტიების შექმნა სურს. ამ სისტემის საწინააღმდეგოდ ოპოზიცია რეგიონულ პროპორციულ სიებს უჭერს მხარს.


”ვერ ვხვდები ამ წინადადების შინაარსს, რას ნიშნავს მესამე მოსმენით ჩავარდება მაშინ, როცა მე არ მომისმენია მათგან არცერთი არგუმენტი ამ მოდელის საწინააღმდეგოდ და იმის საწინააღმდეგოდ, რომ ყველა რაიონს ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი,”- განუცხადა ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან, ”ისევ ძველ მოდელთან დაბრუნება, სადაც 50 მაჟორიტარია მხოლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 25 რაიონი მაინც რჩება წარმომადგენლის გარეშე, მე ამ ვარიანტთან დაბრუნება არარეალურად მიმაჩნია”.


გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 75 მაჟორიტარის არჩევას სამართლიანი უწოდა, ხოლო ოპოზიციის ქმედებები, რაც შიმშილობისა და საპროტესტო აქციების სხვადასხვა ფორმებს მოიცავს, ”არასერიოზულად” შეაფასა. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ.


”ან იქნება ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული რეზულტატი ან არადა იქნება ის ფინალი, რაც უწერია უვადო შიმშილობას ზოგადად,”- განუცხადა მოშიმშილე დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ  ჟურნალისტებს.


იმავდროულად, გრძელდება ოპოზიციური კოალიციისა და რიგი მოქალაქეების შიმშილობის აქცია პარლამენტის შენობის წინ, სადაც მოშიმშილეების რიცხოვნობის მატებასთან ერთად იზრდება კარვების რაოდენობაც.


”შესაძლოა ქუჩების გადაკეტვა მოგვიწიოს კარვებით,”- აცხადებს მოშიმშილე დეპუტატი  გია თორთლაძე მოძრაობა ერთიანი საქართველოდან.

”მოშიმშილეთა რაოდენობა 100 ადამიანს გადააჭარბებს,”- განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა, რომელიც ასევე შეუერთდა შიმშილობის აქციას, ”ამითი ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ”.


ამჟამად, პარლამენტის წინ 40-მდე ადამიანი, მათ შორის 5 დეპუტატი შიმშილობს.

Back to top button