ახალი ამბები

მოლდოვას პრეზიდენტი სუამს აკრიტიკებს

მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია სუამმა, რომელიც საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს და მოლდოვას აერთიანებს, ვერ შეძლო მისი ქვეყნისთვის რაიმე რეალური სარგებლის მოტანა.


გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, ვორონინმა ასევე დაადასტურა, რომ მოლდოვამ ხელი შეუშალა სუამის გეგმებს ერთობლივი სამშვიდობო ძალების ჩამოყალიბების თაობაზე.


”როდესაც იქმნებოდა სუამი, მას სხვა მიზნები ჰქონდა. განიხილებოდა ოდესა-ბროდი-გდანსკის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხი. მაგრამ როდესაც მარშრუტს შევხედე, ის გვერდს უვლიდა მოლდოვას,” – განაცხადა ვორონინმა, ”გარდა ამისა, საკმაოდ უცნაური რამეები მოხდა გასულ წელს. დაიწყო საუბარი [სუამის] სამშვიდობო ძალების შექმნაზე. მე ვკითხე, რისთვის? და მათ მიპასუხეს: ჩვენ ყველას გვაქვს კონფლიქტები. და მერე რა? ჩვენ უკვე გვყავს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამშვიდობო ძალები, რისთვის გვჭირდება კიდევ დამატებითი? მადლობა ღმერთს, სუამში გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება და როდესაც ჩვენ უარი ვთქვით დოკუმენტის ხელმოწერაზე, ეს ინიციატივა ჩაიშალა”.


კითხვაზე, აპირებს თუ არა მოლდოვა სუამის დატოვებას, უზბეკეთის მსგავსად, ვორონინმა უპასუხა: ”ამგვარ გადაწყვეტილებებს პარლამენტი იღებს. მაგრამ, საერთოდ, რაიმე ორგანიზაციაში ყოფნას ეფექტური სარგებელი უნდა მოქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერესი იკარგება. და თუ არ იქნება ინტერესი, რაიმე ორგანიზაციაში ყოფნა საკმაოდ დამამძიმებელი ხდება… მოლდოვა არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ვისმესთვის საპირწონე გახდეს”.  



 

Back to top button